აშშ საქართველოსთან მიმართებაში კურსის შეცვლაზე მიანიშნებს: რუბიოს განცხადების შეფასებები

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშისახდეპის შენობა
სახდეპის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას თბილისიდან დადებითი სიგნალების მიღებისა და თეთრი სახლის მიერ ორმხრივი ურთიერთობების ტრაექტორიის შეცვლის სურვილის შესახებ, საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საპირისპირო შეფასებები მოყვა
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებამ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ტრაექტორიის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ, საქართველოს ოფიციალური პირებისა და ოპოზიციის არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც ვაშინგტონს აფიქრებინებს, რომ სურთ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
„ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ. ასე რომ, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
საქართველოს მმართველმა პარტია ოპერატიულად გამოეხმაურა ამერიკელი დიპლომატის განცხადებას და ურთიერთობების დინამიკის შესაძლო ცვლილებას მნიშვნელოვანი სიგნალი უწოდა.
„იმას, რომ ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმებით და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველო მზადაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა ისინი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა, სამწუხაროდ, არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, უსამართლო დამოკიდებულებით გაფუჭებული ურთიერთობა სამართლიანი დამოკიდებულებით უნდა გამოკეთდეს და გაუმჯობესდეს და ეს ასეც იქნება, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობა იქნება სამართლიანი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გზავნილი ძალიან მკაფიოა და მისი მთავარი ადრესატი „ქართული ოცნებაა“, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.
„გზავნილი მიდის "ქართული ოცნების" მიმართ, რომ თუ ისინი პირველ რიგში არ გამოასწორებენ არსებულ მძიმე ვითარებას, არ შეწყვეტენ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, არავითარი წინსვლა, ან ცვლილება შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში არ იქნება," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, დაწერა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
„ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები შეერთებულმა შტატებმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას მკაფიოდ დააფიქსირა ურთიერთობების „გადატვირთვის“ პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებად აფასებს, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს“, - დაწერა გვარამიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას თბილისში ვიზიტის დროს ამერიკულ მხარეს არ წამოუყენებია არანაირი მოთხოვნა, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და არც კომენტარი გაუკეთებია საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის დისკუსიები, ძირითადად, ორმხრივი ურთიერთობების აღდგენას ეხება და არა საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს.
„არანაირი კონკრეტული მოთხოვნა, არანაირ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არ დაყენებულა, იმიტომ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს კონსტიტუციით შეუძლებელია უკვე დაკარგული მანდატების აღდგენა. ამ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები, როდესაც ისინი შენ გელაპარაკებიან, არსებულ ხელისუფლებას ურთიერთობების გადატვირთვაზე, ვადამდელი არჩევნები რა შუაშია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ქართული მხარე ვაშინგტონისგან ელის „სამართლიან დამოკიდებულებას“, რადგან სწორდ წინა ადმინისტრაციის მხრიდან უსამართლობამ გამოიწვია ამ ურთიერთობების ასეთ დონეზე ჩამოყვანა.
„დღეს, ამ ურთიერთობების განახლების ყველაზე კარგი წინაპირობა არის სამართლიანობის აღდგენა ჩვენს ურთიერთობებში“, - განაცხადა დეპუტატმა გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში.
ქადაგიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
„კანონებთან დაკავშირებით მათ არანაირი შენიშვნა არ გააჩნიათ. მანდ წერია მსოფლმხედველობითი და ფასეულობითი თანხვედრა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება გამჭვირვალობის თემას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავად აშშ-ის ადმინისტრაციამ გადახედა მიდგომები მთელი რიგი სტრუქტურის მუშაობის მიმართ, მათ შორის ეს ეხება USAID-სა და NED-ს, რადგან თვლიდნენ, რომ „ეს იყო სხვა ქვეყნების საქმეებში უკანონოდ ჩარევა და ამერიკული ინტერესების დაზიანებას ემსახურებოდა“.
1-ელ ივნისს დელეგაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც „სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს". დელეგაციამ საქართველოს მთავრობას ასევე გადასცა კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ასევე „მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ".
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0