რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით - ახალი ინფორმაცია

© photo: Sputnik / StringerTbilisi Mall
Tbilisi Mall - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
უწყებამ ყველაზე მეტი საჩივარი მიიღო თბილისიდან, შემდეგ მოდის აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი
თბილისი, 4 ივნისი— Sputnik. 2026 წლის პირველ 5 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (GCCA) 1036 განაცხადი დაფიქსირდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.
უწყების ინფორმაციით, შემოსული ზარების რაოდენობამ 3150 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106 %-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 122 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 299 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 53 მოვაჭრეს - 82 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 69 176 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 109 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 4%, ქვემო ქართლი 3%, კახეთი 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1% და სხვ.
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 422 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 251, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 224, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 54, ხოლო სხვა დანარჩენზე - 85.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 71%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%, განთავსება და საკვების მიწოდება 2%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 13%.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ყველა ახალი ამბავი
0