აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ „ქეისებს“ ამზადებდნენ: პროკურატურამ სქემა გაშიფრა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
უწყება ცხრავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, განაცხადა თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პროკურატურამ და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობასა და ორგანიზებას, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. ქეისის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.
უწყების ცნობით, დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართა.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, ბრალდებულები ყალბი „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1-1,5 ათას დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 ათას აშშ დოლარს ითხოვნენ. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6-8 ათას დოლარამდე თანხას.
ასევე ორი ბრალდებული ამერიკაში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ისინი 4 მოქალაქის კუთვნილ 10 ათას დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს.
გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით 800 დოლარის სანაცვლოდ პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო აშშ-ში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია.
ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა.
„ბრალდებულებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც აშშ-ში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. ისინი მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10-დან 15 ათას დოლარამდე უნდა გადაეხადათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 ათასი დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს. უწყების ცნობით, ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა.
უწყების ცნობით, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებისგან მიიღეს დაახლოებით 143 ათასი დოლარი, 15 ათასი ლარი და 1,5 ათასი ევრო.
ბრალდებულებს ბრალდება სსკ-ის 344-ე სეკუნდა (პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის ან/და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 180-ე (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლებით (ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება, გასაღება) წარედგინებათ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0