„დემოკრატია აღარ არსებობს" - ოპოზიციური პარტია ევროკავშირში „სისტემურ კრიზისზე“

© photo: Sputnik / Alexei Vitvitski
გამოწერა
თანამედროვე ევროპული პოლიტიკური სისტემა „ინარჩუნებს ფორმას, თუმცა, დაკარგა შინაარსი“, აცხადებენ პარტიაში
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თანამედროვე ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგანაც ხალხის მიერ არჩეული მთავრობები, რომლებიც, ფაქტობრივად, „დიფ სთეითს" ემორჩილებიან, საზოგადოების ინტერესებთან შეუსაბამო და აზიანო გადაწყვეტილებებს იღებენ, ნათქვამია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
განცხადების ავტორების თქმით, 2000-იანი წლების ბოლოდან ევროპაში „არაფორმალური ოლიგარქიული გავლენები“ გაიზარდა, რამაც დემოკრატიული მმართველობის კრიზისი გამოიწვია. დღეს, პარტიის მტკიცებით, ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი „დიფ სთეითის" გავლენის ქვეშ მოქმედებს.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემები ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს სხვა ერებისთვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნეოდა. თუმცა, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში არაფორმალურმა ოლიგარქიულმა ძალებმა პოლიტიკურ პარტიებზე მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვეს გავლენა", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „არაფორმალური ძალების" ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ მედიასაშუალებები და საგანმანათლებლო სისტემა, რამაც ფსევდოლიბერალური იდეების გავრცელება განაპირობა.
განცხადების ავტორების თქმით, ყოველივე ამის შედეგად თანამედროვე ევროპული პოლიტიკური სისტემა „ინარჩუნებს ფორმას, თუმცა, დაკარგა შინაარსი“. პარტია აღნიშნავს, რომ მოქალაქეებზე ზეწოლა ხდება მათი კონსერვატიული შეხედულებების გამო და მათ მედიისა თუ სოციქსელების მეშვეობით თავს ახვევენ „ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს“.
„ასეთ პირობებში, ერთი მხრივ „დიფ სთეითის“ მორჩილი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები, ხოლო მეორე მხრივ - „დიფ სთეითის“ გავლენებს დაქვემდებარებული ევროკავშირის დიქტატი, ევროპულ სახელმწიფოებს საკუთარი თავის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ ლგბტ-დღის წესრიგი, გენდერული თეორიები და არაკონტროლირებადი მიგრაცია ხელს უწყობს ევროპის ტრადიციული იდენტობის დაკარგვასა და ცხოვრების დონის დაქვეითებას.
„ფაქტია, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად „დიფ სთეითის“ მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ, რაც ჩანასახშივე გამორიცხავს იმ ფუნდამენტურ იდეებს, რომლებსაც თანამედროვე დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
„გაერთიანებული ნეიტრალური საქართველო“ ასევე მიიჩნევს, რომ ევროპაში არსებული ვითარება პოლიტიკური მიდგომების გადახედვას და მოქმედი ინსტიტუტების ეფექტურობის შეფასებას მოითხოვს.
ავტორების აზრით, ამ ფონზე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის პერსპექტივებთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და გაერთიანებას „აღთქმულ მიწად“ წარმოაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა სისტემურ კრიზისს განიცდის და ძველ მოდელზე დაბრუნების ნიშნებს არ ავლენს.
„ქართული ოცნება“ დროულად უნდა გამოფხიზლდეს და ქართველ ხალხს სრული სიმართლე უთხრას, რომ ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ემსახურებოდნენ საკუთარ ხალხებს, რის შედეგადაც დემოკრატიული მმართველობის საუკეთესო მაგალითად გამოდგებოდნენ, დღესდღეობით აღარ არსებობს და ასეთი ევროკავშირის დაბრუნების რაიმე ხელშესახები ნიშანი არ ჩანს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პარტიაში აღნიშნეს, ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს საგარეო კურსის ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან შესაბამისობის საკითხები. მათი აზრით, თანამედროვე ევროინტეგრაცია არ პასუხობს სახელმწიფოს ინტერესებს და მოითხოვს ღია დისკუსიას.