კაპიტანი მიდის: კაშია ნაკრების მაისურით ბოლო მატჩს გამართავს

© Courtesy of Nakrebiგურამ კაშია
გურამ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
დღევანდელი მატჩი 38 წლის ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 129-ე მატჩი იქნება - იგი ნაკრებს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით 51-ედ გაიყვანს.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია 17-წლიან სანაკრებო კარიერას რუმინეთის წინააღმდეგ მატჩით დაასრულებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს, 21:00 საათზე გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 5 ივნისს, 20:00 საათზე კი ბაჰრეინს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ეროვული ნაკრები დღევანდელ მატჩს შედარებით შეცვლილი შემადგენლობით ხვდება, განსაკუთრებით შეტევაში, რადგან გუნდის მთავარი ლიდერები - ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე შეხვედრას გამოტოვებენ.
დღევანდელი მატჩი 38 წლის ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 129-ე მატჩი იქნება - იგი ნაკრებს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით 51-ედ გაიყვანს.
„შეგუებული ვარ, რომ ეს მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო“, - განაცხადა კაშიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
გურამ კაშიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი ნიდერლანდებში, „ვიტესში“ გაატარა, რომელსაც 2010 წელს შეუერთდა და გადასვლიდან ორი წლის შემდეგ კაპიტანი გახდა. მან რვა სეზონის განმავლობაში 292 ოფიციალურ მატჩში ითამაშა (24 გოლი) და 2017 წელს ქვეყნის თასი მოიგო.
შემდეგ იყო „სან ხოსე ერსქვეიქსი“, თბილისის „ლოკომოტივი“ და ბოლოს ბრატისლავას „სლოვანი“, რომლის შემადგენლობაშიც ბოლო მატჩი მიმდინარე წლის 16 მაისს ჩაატარა. სლოვაკურ კლუბთან ერთად იგი ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
საქართველოს ნაკრებში კაშიამ სადებიუტო მატჩი 2009 წლის 1-ელ აპრილს, მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა. 2018 წლის 14 ივნისიდან ეროვნული გუნდის კაპიტანი გახდა, იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით - კაშიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 128 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. „ევრო 2024"-ის ფინალურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა და ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
კაშია ორჯერ, 2012 და 2013 წლებში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0