იმნაძე: საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური რისკი არ არსებობს

© Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2026
გამოწერა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ ერთ პაციენტს დენგეს ვირუსი დაუფიქსირდა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური რისკი არ არსებობს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ პირველი არხისწ ეთერში.
ქვეყანაში დენგეს ვირუსის დაფიქსირების შესახებ დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა.
„პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. საავადმყოფოში, სადაც იწვა, ჩატარებულია დეზინფენქცია, ანუ მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ეს ჩვეულებრივი პროტოკოლია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს. პაციენტი გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც იმნაძემ განმარტა, საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა, შემოტანილი შემთხვევები კი ყოველწლიურად ფიქსირდება.
დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის მდედრი კოღოები არიან. ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკებში. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებსაც ემართებათ და მოზრდილებსაც, თუმცა ფატალურად იშვიათად მთავრდება.
დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს კი 15 დღემდე მერყეობს. ვირუსის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.
საქართველოში დენგეს ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ოფიციალურად 2013 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება შემდგომ წლებს - 2016 წელს ვირუსი ინდოეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში უკვე ინფიცირებული შემოვიდა. 2017 წლის ივლისში კი დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისში. ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და გამოჯანმრთელდა.
დენგეს მძიმე ფორმა — პოტენციურად სასიკვდილო გართულებაა, რომელიც უკავშირდება პლაზმის დაღვრას, სითხის დაგროვებას, სუნთქვით უკმარისობას, ძლიერ სისხლდენას ან ორგანოების დაავადებას. ამ კრიტიკული სტადიის შემდგომი 24-48 საათი, შესაძლოა, ლეტალური გამოდგეს.
1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში მომხდარა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0