კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

© Courtesy of Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2026
გამოწერა
უეფას ექსპერტებმა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო მატჩად მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართული ნახევარფინალი (5:4) მიიჩნიეს, სადაც მან დუბლი შეასრულა.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია უეფას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო - ბუდაპეშტში 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ"-მ ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა (ძირითადი და დამატებითი დრო — 1:1). ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 65-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა (ის უსმან დემბელემ გაიტანა) და პარიზულ გრანდს ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა, რამაც მატჩი ჯერ დამატებით დროში, შემდეგ კი პენალტების სერიამდე მიიყვანა.
„შეუდარებელმა ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში. იგი გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალის“ წინააღმდეგ მოგებულ ფინალშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა", - ნათქვამია განცხადებაში.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველ ფეხბურთელთან ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
უეფას ექსპერტებმა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო მატჩად მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართული ნახევარფინალი (5:4) მიიჩნიეს, სადაც მან დუბლი შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა და მეორე ქართველი (კახა კალაძის შემდეგ), ვინც ევროპის საკლუბო თასი ორჯერ აღმართა.
ავტორიტეტული საფეხბურთო პორტალების, Transfermarkt-ისა და FotMob-ის უახლესი მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო სატრანსფერო ღირებულება 90 მლნ-დან 102 მლნ ევრომდე მერყეობს - მისი ფასი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფალური სეზონის (2025/2026) დასრულების შემდეგ რეკორდულ ნიშნულზეა.
„პსჟ“-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში 75 მლნ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი.
გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა.
ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
მიმდინარე წლის 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0