ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2026
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე და ონლაინპლატფორმა New Caucasus-ის დამფუძნებელი ირაკლი ჩიხრაძე 30 მაისს დააკავა. აღნიშნულ პირებს ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და აწვდიდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული მიღებული თანხიდან ნაწილს სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ სხვა პირებსაც გადასცემდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, რცხილაძე მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
რაც შეეხება ჩიხრაძეს, იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.
როგორც რცხილაძის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება ირაკლი ჩიხლაძეს, მისი პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0