საერთო ფასეულობები - სარწმუნოება, ოჯახი, იდენტობა: აშშ-ის საელჩო შიო მესამესთან შეხვედრაზე

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaშიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2026
გამოწერა
აშშ-ის დელეგაციის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად არჩევა მიულოცეს
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტიანული სათნოებები - მოწყალება, თანაგრძნობა და მისი ისტორიული მისია, იყოს შერიგებისა და ერთიანობის ხმა საზოგადოებაში

„აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა. დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. აშშ ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს - სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.

დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოს 24 მაისს ეწვია -დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს როგორც ხელისუფლების , ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0