სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2026
გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 მაისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ჯაშუშობის ბრალდებით კიდვე ერთი პირი დააკავა, ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით, ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.
„საქართველოს მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას“, - აღნიშნულია გაცხადებაში.
უწყების მტკიცებით, დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით.
ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.
„გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული ონლაინპლატფორმის საფარით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.
ის ასევე ანაწილებდა სპეცსამსახურებისგან მიღებულ თანხებს სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადადიოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აგენტობის ბრალდებით დღეს სუს-მა ასევე დააკავა „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე. გამოძიებით დადგინდა, რომ რცხილაძე მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. გამოძიება ჯაშუშობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0