როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა - აპრილის სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerსაათი მეიდანზე
საათი მეიდანზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2026
გამოწერა
2026 წლის აპრილში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. 2026 წლის აპრილში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,2% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,3%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლება დაფიქსირდა მშენებლობისა და სამთომოპოვებით სექტორებში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
რა გაიზარდა და რამდენით
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ექსპორტი გაიზარდა 16%-ით, ხოლო იმპორტი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით შემცირდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 6,2 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2025 წლის აპრილთან შედარებით.
„აპრილში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10,3%-ით მეტია“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია ნავთობპროდუქტების, როგორიცაა მაზუთის, ნავთის და გაზოილის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოებით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ სახის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 18-ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, 2026 წლის აპრილში დაახლოებით ორჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე 76%-ით არის გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და აღნიშნულ სექტორში გაწეული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტთან არის დაკავშირებული, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით, თუმცა პარალელურად საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენციების შესაბამისად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.
ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საწვავით საცალო და საბითუმო ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან, ასევე გაზრდილია საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, გაზრდილია ასევე საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი კვების პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით და ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.
მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ეს ძირითადად უკავშირდება სამოქალაქო მშენებლობას. ძირითადად, შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით გზების, ავტობანების, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობის მაჩვენებელი.
ყველა ახალი ამბავი
0