წინაპირობების დაყენება აშშ-სთან ურთიერთობების აღსადგენად უსამართლო იქნებოდა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2026
გამოწერა
თბილისი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან „სამართლიან მიდგომას“ ელოდება
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ორმაგი სტანდარტების გამოვლინება იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის ხელისუფლებაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა აშშ-სთან პარტნიორობის აღდგენის სურვილი. თუმცა, აშშ-ის ადმინისტრაციას ამ მიმართულებით პირდაპირი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.
„თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიდგომა იქნება არა ასეთი - უსამართლო, არამედ მიდგომა იქნება სამართლიანი“, - განაცხადა კობახიძემ.
მანა აღნიშნა, რომ აშშ-ს არც აზერბაიჯანისთვის, არც სომხეთისთვის არანაირი წინაპირობა არ წაუყენებია.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაახლა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დონეზე აიყვანა. ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის სომხეთი. იქ ხომ არავითარი წინაპირობები არ ყოფილა. არც პატიმრების გათავისუფლება, არც რაიმე სხვა. არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა. არც ოპოზიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
გასული წლის აგვისტოში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარე შეთანხმდა „ტრამპის მარშრუტის“ შექმნაზე.
2026 წლის მაისში სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანმა, თავის მხრივ, აშშ-თან ურთიერთობებს უპრეცედენტო უწოდა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0