გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Alex Shlamovგორის რაიონული სასამართლო
გორის რაიონული სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2026
გამოწერა
პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი ადგილობრივმა მედიამ გადაიღო
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ გორში ძალადობის ბრალდებით ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
პროკურატურამ გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პოლიციელი გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, 2026 წლის 27 მაისს გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შესაბამასი გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო. მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების წინასასამართლო განხილვა 24 ივლისს ჩაინიშნა.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2026 წლის 27 მაისს პაპუნა ლოცულაშვილის ცემის ამსახველმა კადრებმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ცემის ფაქტი ადგილობრივმა მედიამ გადაიღო. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები დაკავებულს ფეხებს და ხელბორკილების დადების შემდეგ აგრძელებენ მის ცემას. დაზარალებულს ნეკნი აქვს გატეხილი, აქვს დაჟეჟილობები, გარდა ამისა, ის არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.
კადრების გავრცელებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სიტუაციაზე, პოლიციის ქმედებებს მიუღებელი უწოდა და შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით განხორციელდა და საჭიროებს სრულ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას.
ყველა ახალი ამბავი
0