გაფანტული სკლეროზი: მერიამ 2,7 ათასზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების პროგრამას 2020 წლიდან ახორციელებს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2.769 შემთხვევა დააფინანსა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა - გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია.
„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური ჩვენი მხარდაჭერისა და ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა“, - განაცხადა კალაძემ.
მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების პროგრამას 2020 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად ფინანსდებოდა ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი „ოკრელიზუმაბი" და „ფინგოლიმოდი". 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.
კალაძის განმარტებით, პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა.
„აღნიშნული პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დავიწყეთ მისი განხორციელება. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტები პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად მერიამ 2 000-მდე საგარანტიო წერილი გასცა.
„აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ“, -განაცხადა კალაძემ.
„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების პროგრამის" მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ბენეფიციარები 15-დან 60 წლის ჩათვლით თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით კი მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზედა ზღვარი ( 60 წელი) სრულად მოხსნა.