სამხედრო ფიცი, გამოფენები, ჰიმნი - საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
მასშტაბური ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რეკრუტებისა და ახალწვეულთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.
წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
ამ თარიღთან დაკავშირებით წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება. 600-მდე წვევამდელი ფიცს დადებს თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან. რეკრუტები ყველგან ერთხმად და ერთდროულად წარმოთქვამენ ფიცის ტექსტს, რომელიც საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ მათ უკვე ოფიციალურად, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილად აქცევს.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 21 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
ფიცის დადების ცერემონიას ტრადიციულად დაესწრება და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე განთავსდება საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა ყველა სტრუქტურული ერთეულიდან. სამხედროები მოედანზე მარშირებით შევლენ და კოლონებად განთავსდებიან. აქვე წარმოდგენილი იქნება ჯავშანმანქანები, სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.
სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც გმირთა მოედანს გადაუფრენენ, ტრადიციულად ცაზე ზოლებად დატოვებენ თეთრ და წითელ ფერებს, რაც ეროვნული დროშის გამომსახველი იქნება. დროშას საზეიმოდ აღმართავენ მოედანზეც სწორედ იმ დროს, ვიდრე ფიცის დადების ცერემონია დაიწყება. დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების სამხედრო კომპონენტს ჯარისკაცის მრწამსის ტექსტის წარმოთქმა დახურავს.
ამის შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყება. რეგიონებში მათ სხვადასხვა სამთავრობო უწყებები გამართავენ, რომლებიც თავიანთ უნიკალურ ღონისძიებებს წარმოადგენენ.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, მთელ ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით, საზეიმოდ აღინიშნება.
26 მაისს, თბილისში, სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0