რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© photo: Sputnik / Александр Логунов / გადასვლა მედიაბანკშირომის პაპი ლეო XIV
რომის პაპი ლეო XIV - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. რომის პაპი ლეო XIV საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
„თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულთა ერთიანობისათვის. ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ თქვენმა თანამოქალაქეებმა კვლავაც ჰპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისათვის მსახურების გზაზე. დაე, ისინი დარჩნენ მშვიდობისმყოფელებად, ღარიბთა ძახილის მიმართ მგრძნობიარეებად და შემოქმედებითებად ქველმოქმედებაში მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - ნათქვამია რომის პაპის მისალოც წერილში.
როგორც ლეო XIV აღნიშნავს, ის „მოუხმობს ღვთიურ კურთხევას საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირისა და სრულიად ქართველი ხალხისათვის“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
ყველა ახალი ამბავი
0