ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს

© photo: Sputnik / Stringerფიცის დადების ცერემონია
ფიცის დადების ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 600-მდე რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
წლევანდელი 26 მაისის კონცეფციიდან გამომდინარე, ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იყო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 108 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე და საქართველოს გაქრისტიანებასთან ისტორიულად დაკავშირებულ 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან. კერძოდ, ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს გონიოში, უბისაში, ფოკაში, თხოთის მთაზე, უშგულში, კონჭკათში, მარტვილში, ბარაკონში, ბოლნისში, ბოდბეში, მცხეთასა და სნოში.
ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0