პრემიერი: საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლისთავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
„ სწორედ დამოუკიდებლობამ და სუვერენიტეტის გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე – ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე და მადლიერება გამოხატა ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა.
„ისევე, როგორც წმინდა ილია მართალმა, ილია II-მაც სამი სიტყვით გამოხატა უმთავრესი ღირებულებები: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყალბია ყოველგვარი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთის შიშსა და რწმენაზე არ არის დაფუძნებული. სწორედ უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც დაგვაძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და რომელიც დაგვაძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში“, – აღნიშნა პრემიერმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
ყველა ახალი ამბავი
0