NATO: ვზეიმობთ ქართველი ხალხის თავისუფლებასა და ურყევ სულისკვეთებას

© photo: Sputnikნატოს დროშა
ნატოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ნატოს სამეკავშირეო ოფისი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობამ დღეს, 2026 წლის 26 მაისს, სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია საქართველოსთან არსებული მჭიდრო პარტნიორობა.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს, 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
„26 მაისს ნატოს სამეკავშირეო ოფისი უერთდება ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და ზეიმობს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევ სულისკვეთებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ პოზიციას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ნატოს გარდა, საქართველოს ეროვნული დღესასწაული სხვა დასავლელმა პარტნიორებმაც მიულოცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. პარალელურად, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბაუზერმა, 2026 წლის 26 მაისი ოფიციალურად გამოაცხადა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ კოლუმბიის ოლქში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
საქართველო და ნატო
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.2014 წელს კი უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს.
2024 წელს, ეგრეთ წოდებული პროევროპული პროტესტების დაწყების შემდეგ, ალიანსის ზოგიერთმა ქვეყანამ ქართულ ოპოზიციასთან ერთად მოუწოდა ნატოს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისკენ. ნატოს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში პირველად არ იყო ფორმულირებები საქართველოსა და უკრაინის ბლოკში ინტეგრაციის გარდაუვალობის შესახებ, რამაც ქართველი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატო მიისწრაფის საქართველოს სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს და ავანტიურებისკენ უბიძგოს, ხოლო თავად ალიანსი სამხრეთ კავკასიისთვის მავნე ფაქტორად განიხილება.
ყველა ახალი ამბავი
0