საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მიულოცეს

© Courtesy of Mikheil Kavelashvili
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობოს დღე ბელგიისб ბოსნია და ჰერცოგოვინას, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ კორეის და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
„საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემამულეს”, - აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ბელგიის მეფე ფილიპისგან მიიღო.
საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩმა.
„ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშილია მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, ვიცე-პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილებში.
საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგიმ.
„კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით“, -აღნიშნულია მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტს მისალოცი წერილი გამოუგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.
„საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიური და ყოვლისმომცველი განვითარება“, - აღნიშულია წერილში .
26 მაისი
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.