სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილს მისალოცი წერილები გამოუგზავნეს და საქართველოს წინსვლა, კეთილდღეობა უსურვეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
უწყების ცნობით, თავიანთ გზავნილებში მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ მრავალწლიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის პერსპექტივას.
როგორც ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, გიდეონ საარი ქართველი კოლეგისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება მთელ რიგ სფეროებში და ისრაელი მზადაა, კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა ყველა სფეროში.
„დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გიგზავნით გულთბილ მილოცვას პირადად თქვენ და ქართველ ხალხს. ისრაელსა და საქართველოს ორ ათასწლეულზე მეტი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ჰარმონიასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს კეთილდღეობისთვის და თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
მაკა ბოჭორიშილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ბულგარეთის საგარეო უწყებამ და მისალოც წერილში აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე შავი ზღვის რეგიონში.
„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ღია და კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებით გაგრძელდება, რაც შექმნის ოპტიმალურ წინაპირობებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ქვეყნის დამუკიდებლობის დღე მიულოცა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა, ევროპულ საქმეთა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრმა მაქსიმ პრევოტმაც.
„ ძვირფასო კოლეგავ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, მოგილოცოთ და გისურვოთ ბედნიერება, კეთილდღეობა პირადად თქვენ და თქვენს ყველა თანამემამულეს. იმედი მაქვს, ბელგიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე ევროკავშირთან თქვენი ქვეყნის თანამშრომლობის კონტექსტში, განსაკუთრებით – ღირებულებების თვალსაზრისით“, – აღნიშნავს მისალოც წერილში მაქსიმ პრევოტი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც ირანის საგარეო უწყება მისალოც წერილში აღნიშნავს, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ყველა სფეროში ორივე ქვეყნის საერთო დღის წესრიგია.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა გულითადად ულოცავს მეგობარ ქართველ ხალხსა და მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ყველა სფეროში ორივე ქვეყნის საერთო დღის წესრიგია“, – აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ლატვიის საგარეო უწყებამ, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებმა. როგორც მათ მისალოც წერილებშია აღნიშნული, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0