26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერის მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.
საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მარიელ ბაუერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს.
„ვინაიდან საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ღირებული წევრია დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის, დინამიკური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით; და ვინაიდან ამერიკაში ქართული თემის მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ერის კულტურულ მრავალფეროვნებას... მე, ვაშინგტონის მერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაცხადებ“, – ნათქვამია ბრძანებაში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0