რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას - ევროკომისიის პროგნოზი

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროკომისიის შენობა
ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
გამოწერა
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 5,5%-მდე გაუმჯობესდა 2025 წლის შემოდგომის ანგარიშის შემდეგ, სადაც ეკონომიკური ზრდა 5,3%-ის დონეზე იყო პროგნოზირებული, ნათქვამია ევროკომისიის გაზაფხულის ანგარიშში.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროპის ეკონომიკური პროგნოზი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. დოკუმენტში განხილულია მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე კონფლიქტმა არსებითად შეცვალა გლობალური ტენდენციები.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება, თუმცა, 2026 და 2027 წლებში კვლავ ძლიერი დარჩება და 5-5,5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება, რასაც ხელს შეუწყობს რეალური ხელფასების გაგრძელებული, თუმცა შედარებით ნელი ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტების მაღალი ტემპი და ფულადი გზავნილების შემოდინება.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების ზრდის გავლით აისახება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები, მოსალოდნელია, რომ იქნება მომსახურების სფეროები - ICT, განათლება და ტურიზმი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშის თანახმად, 2026 წელს ინფლაციის შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ 2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5,1%-იანი საპროცენტო განაკვეთით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის მარტში საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,7%, ხოლო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2026 წლის იანვარ-მარტში 9,1% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5.
ყველა ახალი ამბავი
0