პატრიარქი: როცა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას

© facebook.com/GeorgianGovernmentშიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2026
გამოწერა
პატრიარქმა საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას წმინდა ზიარების საიდუმლოსა და ქრისტიანული ერთობის მნიშვნელობაზე იქადაგა.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
კათოლიკოს-პატრიარქმა საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას წმინდა ზიარების საიდუმლოსა და ქრისტიანული ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია. ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც. ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან“, - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, ზიარების წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება. წმიდა ზიარება ის დიდი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის ცოდვათა სიღრმეთაგან ამოყვანა ძალუძს, დასძინა პატრიარქმა.
„უფალმა ჩვენ გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა და ჩვენ გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა შიო მესამემ.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა შეახსენა მრევლს, რომ ამ სულიერი ერთობის შენარჩუნება თითოეული ქრისტიანის პირდაპირი მოვალეობაა.
როგორც შიო მესამემ აღნიშნა, ეკლესიურ ცხოვრებაში უმთავრესია, ადამიანებმა არ დაარღვიონ ეს სულიერი ნათესაობა წყენით, განკითხვითა და განყოფით, რადგან ბარძიმთან გაერთიანებული ადამიანები ერთი სულიერი ოჯახის წევრები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0