იმერეთის თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი თერჯოლაში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2026
გამოწერა
სააგენტო ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების ქვეს მყოფ ძაღლებს ცხოველთა მოყვარულებს დადგენილ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცხოველთა მოყვარულებთან აქტიური მუშაობის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი.
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF), სააგენტოს ოფიციალურად მომართა.
„სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ძაღლები თავშესაფრიდან მიმკედლებელთან გადაიყვანეს, სადაც 6-თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) ზედამხედველობა მიმკედლებლის პასუხისმგებლობით დაწესდება.
მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით პერიოდში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 9 მოკვდა, მათ შორის, სამს ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო ექვსის სიკვდილის მიზეზი თანმდევი დაავადებები გახდა. 22 მაისის მონაცემებით, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში 27 ძაღლი რჩება.
სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების ქვეს მყოფ ძაღლებს ცხოველთა მოყვარულებს დადგენილ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა 14 აპრილს გამოვლინდა. კერძოდ, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით იზოლირებულად დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0