საქართველოში სურსათზე მუდმივი ფასდაკლებების შესახებ საინფორმაციო პორტალი შეიქმნება

© photo: Sputnik / Stringerდახლები მაღზიაში
დახლები მაღზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2026
გამოწერა
პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო "საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქსელურ მარკეტებს ფასდაკლებული პროდუქტების "სასურსათო კალათის" სტენდების განთავება 13 მაისიდან დაევალათ. "სასურსათო კალათის" შექმნის ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იქნა წარდგენილი. "სასურსათო კალათაში" შედის - ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ფანტელი, ქათამი, კვერცხი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, კარაქი და რძის სხვა პროდუქტები. მათზე სპეციალური საფასო პოლიტიკა უნდა გავრცელდეს.
"პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს", - აღნიშულია ინფორმაციაში.
კალათის შექმნისა და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი თითქმის ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა: მათ შორისაა "კარფური", "სპარი", "მაგნიტი", "კალათა", "უნივერსამი", "გუდვილი", "ზღაპარი", "ნიკორა", "ლიბრე" და "აგროჰაბი".
პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.
როგორც GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, პლატფორმის მიზანია, მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა
"ელექტრონული პლატფორმა ხელს შეუწყობს FMCG სექტორში კონკურენციის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG ბაზრის მონიტორინგს კონკურენციის ხარისხის პერმანენტული შეფასების მიზნით 2023 წლიდან ახორციელებს.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
2026 წლის აპრილში, 2025 წლის აპრილთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ 7,5% შეადგინა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების მატებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ.
დროებითი კომისიის დასკვნა
1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად.
დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ფასების შემცირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.
კომისიის ანგარიში განსახილველად წარედგინება მთავრობას, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.
ყველა ახალი ამბავი
0