სწორი ზღვარი უნდა გაევლოს სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილს შორის - პრემიერი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2026
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნა გამჭვირვალობის შესახებ კანონის ლოგიკას დაუკავშირა და განაცხადა, რომ მისმა მიღებამ უკვე შეამცირა პოლარიზაციის დონე.
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის გაღვივებას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
18 მაისს, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. ახალი სტრუქტურა 1 ივნისს უნდა ამუშავდეს.
„სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება, იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის მაგალითად შეურაცხყოფა, რასაც ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და სოცმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება ჩაითრიეს პოლარიზაციის და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, რომელიც, მისი თქმით, მიზანმიმართულად ყალიბდებოდა.
„ოპოზიციის წარმომადგენლები იხსენებდნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების უხეშ განცხადებებს და რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. მაგრამ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი - იყო პირდაპირი სიძულვილის კამპანიები და არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საკანონმდებლო წესები, რომლებიც მსგავს დარღვევებს არეგულირებს, უკვე დადგენილია, უბრალოდ, აქამდე არ არსებობდა აღსრულების კონკრეტული მექანიზმი.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმი შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ის უზრუნველყოფს კანონმდებლობის დაცვას და პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის და პოლარიზაციის დონის თანდათანობით შემცირებას.
„უკვე ჩნდება აღსრულების ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ თანდათანობით თავს დავაღწევთ სიძულვილის ჩაკეტილ წრეს. ამაზე ძალიან ნერვიულობენ, რადგან მათთვის სიძულვილი და სიცრუე არის მთავარი იარაღი პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები და განაცხადა, რომ სწორედ ისინი ავრცელებდნენ სიძულვილის ენას და აწარმოებდნენ შეურაცხმყოფელ კამპანიებს. მაგალითის სახით მან მოიყვანა აქციაზე გაჟღერებული გინების შემცველი სიმღერები და უცენზურო გამონათქვამები, რომლებიც, მისი თქმით, ფართოდ ვრცელდებოდა ოპოზიციური ტელევიზიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელსაც მთავრობის ოპონენტებმა „რუსული კანონი“ უწოდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო „სიძულვილის კამპანიების“ უცხოური გრანტებით დაფინანსება, მათ შორის USAID, National Endowment for Democracy და European Endowment for Democracy-ს თანხებით.
„რეალურად თუ შემცირდა პოლარიზაციის ხარისხი, თუ დასტაბილურდა უფრო მეტად ჩვენი ქვეყანა, ამაში ერთ-ერთი უმთავრესი წვლილი მიუძღვის სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია, თავის მხრივ, შიშობს, რომ ახალი სამმართველოს შექმნა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს.
საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
ყველა ახალი ამბავი
0