პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა: რაზე ისაუბრეს მხარეებმა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2026
გამოწერა
სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო.
"მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ესწრებოდა.
საქართველო და ყაზახეთი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარება. გაერთიანება იმ კომპანიებმა დააფუძნეს, რომლებიც საქართველოში ყაზახური კაპიტალის ჩართულობით ფუნქციონირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0