ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრაქ
ხეტყის ჭრაქ - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა დოკუმენტაცია და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭასა და შიდა ქართლში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების 14 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხულოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, ონისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა სურამის მიმდებარედ მოქალაქეები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხეტყის ტრანსპორტირებას წესების დარღვევით ახდენდნენ.
ჯამში ამოღებული და დალუქულია სხვადასხვა სახეობის 75 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 39 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 6 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა დოკუმენტაცია და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 58 ფაქტია გამოვლენილი,
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0