მდინარაძე: მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ოპოზიცია 26 მაისს ვერაფერს იზამს

© Opposition Alliance „ოპოზიციის ალიანსი"
„ოპოზიციის ალიანსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
„ოპოზიციის ალიანსი“ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისს ვერაფერს იზამს, ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ კითხვას, ხელისუფლება 26 მაისს ელის თუ არა სცენარების იმგვარ განვითარებას, როგორც ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს იყო.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს. პოლიციამ დააკავა 64 პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან დესტაბილიზაციის მცდელობები აღიკვეთება.
„4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან. მაშინ ჩვენ შევძელით, რომ იმავე დღეს მარტივად დაგვემთავრებინა ყველაფერი, რათა დაკავებული ყოფილიყვნენ გადატრიალების მოთავეები... ეს იყო დიდი უწყებების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიება და ამან პოზიტიური შედეგი გამოიღო, ყველაფერი დამთავრდა მშვიდად და წყნარად. მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება“,- განაცხადა მდინარაძემ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური ძალები მუდმივად ცდილობენ ხელოვნური ნეგატიური პიარ-კამპანიებისა და ემოციური მუხტის აგორებას ხელისუფლების ჩამოსაშორებლად, თუმცა, დამოუკიდებლობის დღეს მსგავსი სცენარების განვითარება გამორიცხულია.
მიმდინარე წლის მარტში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ორთვიანი ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც თბილისში, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს - მანიფესტაციაში რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ოპოზიციის ალიანსის" წევრების განცხადებით, მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ძალადობრივი ქმედებები არ იგეგმება, „თუმცა პოზიტიური სიურპრიზები იქნება“.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „შევარდნა, მივარდნა, სადმე გაქცევა ან გადაადგილება არ იქნება", თუმცა, შეტაკებების თავიდან ასაცილებლად მიტინგი 26 მაისის საღამოს გაიმართება, რადგანაც დაგეგმილი ადგილის მახლობლად დილით საქართველოს თავდაცვის ძალების ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პროვოკაციებზე წავა.
ოპოზიციის ალიანსი
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 64 პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
მათ ბრალი წარედგინათ სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება, მასობრივი არეულობის ორგანიზება, სხვისი საკუთრების დაზიანება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდება.
ყველა ახალი ამბავი
0