შიო მესამე: ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია გაგრძელდება

© photo: Sputnikსაყოველთაო ნათლობა
საყოველთაო ნათლობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2026
გამოწერა
პატრიარქის თქმით, ეს დღესასწაული პირველად აღინიშნება ილია მეორის გარეშე, თუმცა მისი სულიერი მემკვიდრეობა კვლავ ცოცხლობს.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოში გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.
პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული პირველად აღინიშნება ილია მეორის გარეშე, თუმცა მისი სულიერი მემკვიდრეობა კვლავ ცოცხლობს.
„წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა, დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახი სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. ასევე გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა“, - განაცხადა შიო მესამემ.
მისი თქმით, ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ზნეობრივი ღირებულებების დაცვას.
საქართველოში ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობა 2008 წლიდან იმართება. საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. კათოლიკოს-პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავდა.
ყველა ახალი ამბავი
0