მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი შიო მესამეს: უწინამძღვრეთ სიმამაცით და მტკიცე ნებით

შიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2026
გამოწერა
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა ხელმძღვანელობს, საქართველოს გუშინ ეწვია.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიას და საქართველოს ეკლესიას, განაცხადა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, ნიკიტამ სამების საკათედრო ტაძარში.
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა ხელმძღვანელობს, საქართველოს გუშინ ეწვია - დელეგაციის წევრებს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქოში უმასპინძლა.
მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ ეკლესიას შორის არსებულ ისტორიულ ერთობას და სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც ახალმა პატრიარქმა ილია მეორისგან გადაიბარა.
„უწმინდესო და უნეტარესო შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტე აღდგა! მაქვს პატივი და სიხარული, მოგმართოთ, როგორც მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა ამ პირველ საპატრიარქო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნეობის ერთიანობას, როგორც ერთ წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, მართალია, სხვადასხვა ადგილას მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს არის ერთი და განუყოფელი“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ.
მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა, რომ „ეკლესიის მიერ მისთვის მინდობილი კვერთხითა და განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცითა და მტკიცე ნებით უწინამძღვროს სამწყსოს, სრულიად საქართველოს“.
„პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა. თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
მისი თქმით, დღევანდელი საზოგადოება ცხოვრობს გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელიც სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით, თუმცა, ისინი, ვინც ღმერთს ემსახურებიან, მოწოდებული არიან იყვნენ მშვიდობისმყოფელნი.
„გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლადუწმინდესობის, პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. მისი ყოვლადუწმინდესობისა და ქრისტეს დიდი ეკლესიის სახელით, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენი დელეგაცია სიხარულით გეხვევათ, წარმოვთქვამთ რა იმ სიტყვებს, რაც წმინდა წერილშია: „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს“. დაე, ერთად ვიღვაწოთ უფლის ვენახში მისი სახელის სადიდებლად“, – მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა შიო მესამეს.
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო, რომელიც პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სიტყვა წარმოთქვეს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა დელეგაციების წარმომადგენლებმაც, მათ შორის ჩეხეთის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა. წაიკითხეს იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილოს მესამის სიტყვა.
მათ უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს მიულოცეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა, უსურვეს სიმშვიდე, სიმტკიცე და ქართველი ერის წინამძღოლობა - სიყვარულისა და ერთიანობის გზით.
ყველა ახალი ამბავი
0