კობახიძე: წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2026
გამოწერა
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩატარდა.
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 17 მაისი განსაკუთრებულია იმით, რომ ოჯახის სიწმინდის დღე პატრიარქ ილია მეორის დაწესებულია.
„წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე... ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დღეს პირველად აღავლინა საზეიმო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩა უფლის ნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით.
„ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია, ღმერთმა დალოცოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, რადგანაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი აღინიშნება.
„17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“, – განაცხადა პრემიერმა.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0