კასპში ცემენტის ქარხნის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - დიდი პროექტის დეტალები

© photo: Government of Georgia / FBცემენტის ქარხანა HeidelbergCement
ცემენტის ქარხანა HeidelbergCement  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
საწარმოების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველო ამ კუთხით გახდება სრულიად თვითკმარი, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ქართული კომპანია „ჰანიველ ცემენტი“ (Hunnewell Cement) წარმოების ასორტიმენტს აფართოებს და ახალი ტექნოლოგიების წყალობით თანამედროვე ქარხანა გახდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ჰანიველ ცემენტის“ ახალი საინვესტიციო პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 70 მილიონ დოლარს. ის გულისხმობს კლინკერისა და ცემენტის წარმოების გაზრდას. კლინკერის წარმოების გაზრდა მოხდება 400 000 ტონით წლიურად და მიაღწევს 2 მილიონ ტონას, ხოლო ცემენტის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 450 000 ტონით და 2,7 მილიონ ტონას მიაღწევს. ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს „ჰანიველ ცემენტი“, კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც 1926 წელს, კასპში პირველი ქარხნის აშენებით დაიწყო.
„ქართული ცემენტის წარმოების ეს საუკუნოვანი ისტორია ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, საწარმოების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველო ამ კუთხით გახდება სრულიად თვითკმარი.
„ჩვენ საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე, შეუფერხებლად მოვამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საწარმო აღიჭურვება უახლესი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე ზემოქმედებას და დანერგავს თანამედროვე, მწვანე წარმოების პრინციპებს.
„ჰანიველ ცემენტი“ არის კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ახალი ბრენდი.
კომპანია მართავს ცემენტის წარმოების სრული ციკლის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილი ფოთში, ინერტული მასალის წარმოების ორ ობიექტს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის 17 ქარხანას მთელი საქართველოს მასშტაბით.
Hunnewell Cement საქართველოში კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია.
კომპანიაში დაახლოებით 1200 ადამიანია დასაქმებული და დამატებით 5000-ზე მეტ ადამიანს კონტრაქტორებისა და სუბკონტრაქტორების სახით ასაქმებს.
HeidelbergCement Georgia საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე უდავო ლიდერია.
ყველა ახალი ამბავი
0