ევროპამ ქართული მედია დაბლოკა
გამოწერა
„იმედს“, „რუსთავი 2“-სა და Post TV-ს კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქებაზე აკრედიტაცია არ მისცეს
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. პროსამთავრობო ქართულ ტელეარხ „იმედს“, ასევე „რუსთავი 2“-სა და Post TV-ს არ მისცეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქების აკრედიტაცია, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, „იმედს“ ევროპარლამენტის აკრედიტაცია ერთი წლით ჩამოერთვა, იუწყება „იმედი“.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესია 2026 წლის 15 მაისს, კიშინიოვში გაიმართება, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა“, - მოჰყავს „ტელეიმედს“ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი.
ამასთან მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში არ არის მითითებული, რატომ ეთქვა უარი ტელეარხებს აკრედიტაციაზე.
ტელეკომპანია „იმედმა“ მიმართა ევროპის საბჭოსაც, აპირებს თუ არა საკითხის შესწავლას და მიიჩნევს თუ არა, რომ მოლდოვის ეს ნაბიჯი არის დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე თავდასხმა და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, თუმცა, ამ დრომდე ევროპის საბჭოსგან შესაბამისი პასუხი არ მიუღია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმადაც, არხს ერთი წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება.
ევროპარლამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს და რასა იუკნევიჩიანესთან გასაუბრების მცდელობას.
ევროპარლამენტს მკაცრი აკრედიტაციის წესები აქვს. ჟურნალისტებს მხოლოდ მედიაში გამოყოფილ ადგილებში ყოფნის უფლება აქვთ და ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ევროპარლამენტში ინტერვიუს ჩაწერისა და ფოტოგადაღების შესახებ დადგენილი რეგულაციები.
„22 აპრილს მიღებული ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ „იმედმა“ წერილობით მიმართა შესაბამის სამსახურს თხოვნით, რომ დამატებით განემარტათ, თუ როგორი წესები ჰქონდათ მათ, რას არღვევდნენ „იმედის“ ჟურნალისტები, თუმცა ამასთან დაკავშირებით განმარტება ტელეკომპანიას არ მიუღია“, - აღნიშნულია წერილში.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გაუგებარია, კონკრეტულად რომელი ქმედება ჩაითვალა წესების შეუსაბამოდ და რომელი სტანდარტი უნდა ყოფილიყო დაცული ამ სიტუაციაში.
„ამ გარემოების გათვალისწინებით, გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ერთწლიანი შეზღუდვა წარმოადგენს განსაკუთრებით მკაცრ ზომას, რომელიც არსებითად გავლენას ახდენს მედიის შესაძლებლობაზე, გააშუქოს ევროპარლამენტის საქმიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ტელევიზიაში აღნიშნეს, ევროპარლამენტის საქმიანობის გაშუქება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ხოლო ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ.
მოგვიანებით ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ განაცხადა, რომ მან და მისი გუნდის კოორდინატორმა აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში ელენე მეტრეველმა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და POSTV-ისთვის ევროპარლამენტში აკრედიტაციის ერთი წლით გაუქმება მოითხოვეს, რათა უფრო მკაფიოდ დაუჭირონ მხარი პროდასავლური მიმართულება საქართველოში.
საქართველოში ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვის მცდელობა უწოდა.
„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, ძალიან აფრთხობთ სიმართლე. ესმით, რომ არ მუშაობს პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონები იხარჯებოდა საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის დიდი ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება. ამასთან სპიკერმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ახალ წესებზე იფიქრებს.
„რა აღმოვაჩინეთ? თურმე ევროპარლამენტში არის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი წესია, რომ რესპონდენტს თუ არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია, დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს აკრედიტაციის წესების შეცვლას, რათა ისინი ევროპარლამენტის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის დროზე პარლამენტს აკრიტიკებდა ევროპარლამენტი და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მედიისთვის აკრედიტაციის გაცილებით უფრო რბილი წესების შემოღების გამო.
მის რიტორიკას იზიარებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელია და, მისი აზრით, „მოლდოვას დემოკრატიულ სტანდარტებს“ ეფუძნება. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას აკლდა არგუმენტები და ლოგიკა და მიმართული იყო სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
„ხალხის ძალის“ პარტიამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება სრულიად არალეგიტიმურად მიიჩნია.
„მათ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მუშაობა აუკრძალონ ამ არხებს ნებისმიერ ევროპულ ინსტიტუციაში. მათ რომ ჰქონდეთ რაიმე მოსადავებელი, რაიმე რეალურ დარღვევას რომ ჰქონდეს ადგილი, ისინი ამ საბაბს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ უყურადღებოდ და აუცილებლად გამოიყენებდნენ ლეგალურ სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ რადგან ეს არ აქვთ, ისინი მიმართავენ ამ უსამართლო აკრძალვას და პირდაპირ თავს ესხმიან დემოკრატიას“, - განაცხადა პარტიის წევრმა ეკა სეფაშვილმა.
მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც „ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
მანამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვ“-ს დასანქცირება უარყოფითად იმოქმედებს კონკურენციაზე ტელემაუწყებლობის სფეროში. კომისიაში აღნიშნეს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიიღებენ.
