რაგბის კავშირი World Rugby-ს სანქციებს ეთანხმება და ანტიდოპინგურ რეფორმას იწყებს

© Сourtesy of Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა
ითბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო რაგბის (World Rugby) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტიდოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
განცხადების თანახმად, დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებულია ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.
„კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროცესის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.
„საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბიში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დისკვალიფიცირებულთა სია ასე გამოიყურება:
მერაბ შარიქაძე (ნაკრების ყოფილი კაპიტანი): 11 წლით დისკვალიფიკაცია (სქემაში მონაწილეობისთვის);
ნუცა შამათავა (გუნდის ყოფილი მთავარი ექიმი): 9 წლით დისკვალიფიკაცია;
გიორგი ჭყოიძე: 6 წლით დისკვალიფიკაცია;
ლაშა ხმალაძე, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე: 3-3 წლით დისკვალიფიკაცია;
ლაშა ლომიძე: 9-თვიანი დისკვალიფიკაცია.
აღნიშნულ პირებს დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის ფედერაციის ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა სქემა, რომელიც ნიმუშების შეცვლას და დოპინგ-ტესტების წინასწარ გაფრთხილებებს ეხებოდა. გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია ობსიდიანი“, 2023 წელს დაიწყო და გამოვლინდა ხუთ შემთხვევა, როდესაც მოხდა ნიმუშების ჩანაცვლება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ნიმუშების ჩანაცვლებას ახორციელებდნენ, რაც კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითაა აკრძალული. ასევე დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმ ნუცა შამათავას წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ის კი ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.
ყველა ახალი ამბავი
0