მიმდინარე წელს მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამისთვის 2 მლნ ლარი გამოყო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. თბილისის მერია „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 მლნ ლარია გათვალისწინებული, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელება 2023 წლის სექტემბერში დაიწყო – მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს აფინანსებს.
„აღნიშნული მომსახურების დაფინანსება საარჩევნო დაპირება იყო. შესაბამისად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას წელსაც ვახორციელებთ და გათვალისწინებულია ბიუჯეტში. გვინდა, მოქალაქეებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, დავეხმაროთ მის მოგვარებაში, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერია მომსახურების მისაღებად საგარანტიო წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 ათას ლარს, ხოლო პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება.
„ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, მოძრაობის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება. როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, რეალურად მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ და ყველანაირად ეხმარები, რადგან ჯანმრთელობას ეს პრობლემა გადაადგილებას ხელს უშლის. ჩვენ ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, – განაცხადა კალაძემ.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.
მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს, ხოლო თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შესაბამისი ცნობა მერიაში უნდა შეიტანოს.
განცხადებით თან უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი);
თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს.
მსოფლიო მასშტაბით სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა.
ყველა ახალი ამბავი
0