კორუფცია ადიგენსა და წალკაში: ქრთამზე საჯარო მოხელეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
დაკავებულებს გამოძიება 10 ათასი დოლარისა და 1 ათასი ლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ადიგენისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ქრთამის აღების ბრალდებით სამი პირი, მათ შორის ორი საჯარო მოხელე დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 ათასი დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 ათასი ლარი.
საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს - დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
ყველა ახალი ამბავი
0