შიო მესამე გამორჩეული პატრიარქი იქნება - მდინარაძე

© photo: Sputnikშიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
გამოწერა
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მისი გამორჩევა იყო ღვთის ნება, განაცხადა მამუკა მდინარაძემ
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გამორჩეული პატრიარქი იქნება და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ერისა და მისი ხალხის გაერთიანებაში, განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საპატრიარქო ტახტზე 12 მაისს ავიდა. ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.
„მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის შემდეგ ამ მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, იგი ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი. ვფიქრობ, ის თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერისა და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მისი გამორჩევა იყო ღვთის ნება.
„დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას, ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს ამ უდიდესი პასუხისმგებლობის და იმ მოვალეობის შესრულება, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ყველა ახალი ამბავი
0