შიო III: საქართველო ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება

© Sputnik/ Stringerშიო III
შიო III - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
გამოწერა
დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საუკუნეებია, საქართველო იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში თავისი პირველი ქადაგებისას.
სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საპატრიარქო ტახტზე 12 მაისს ავიდა. ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დღეს გაიმართა.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ზეიმობს ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს.
„2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულიყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია“, - აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ დღეს ქართული ეკლესია ღვთისმშობლის საქართველოს წილხვდომილობას აღნიშნავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს.
„ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასოებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი, მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერსა და ეკლესიას“, – განაცხადა შიო მესამემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური ქადაგებისას მის პატრიარქად არჩევასაც შეეხო.
„ამ ღვთივკურთხეულ დღეს სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი, მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას, „მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე“, ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად“, - თქვა უწმინდესმა და უნეტარესმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა.
ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.
გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.
ყველა ახალი ამბავი
0