სლოვაკეთის გამოცდილება განათლების სფეროში საქართველოსთვის საინტერესოა - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი
მარიამ ლაშხი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2026
გამოწერა
სლოვაკეთმა ცოტა ხნის წინ განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა განახორციელა, რაც თბილისის დიდ ინტერესს იწვევს, რომელმაც ასევე ეს პროცესში დაიწყო
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. სლოვაკეთში ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაციის მთავარი განსახილველი თემა განათლება იქნება, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
„საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. მოკლე, თუმცა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი იქნება. ჩვენ შეხვედრები გვექნება სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლებაზე. სულ ცოტა ხნის წინ, სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა ამ კუთხით და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა ლაშხმა.
მისი თქმით, რადგან საქართველოც განათლების რეფორმის აქტიურ ფაზაში იმყოფება, მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნის, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, დეპუტატმა სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს მყარი მხარდაჭერა აღნიშნა.
„საზოგადოებას ახსოვს სლოვაკეთის ის მყარი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ სხვადასხვა რეზოლუციის კუთხით იქნება ეს, თუ სანქციების არ დაშვების კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
საქართველო და სლოვაკეთი
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ქუთაისში. საპატიო საკონსულო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებს დაფარავს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობა აქტიურად ეძებს მოკავშირეებს ევროკავშირში, რათა ნაწილობრივი მხარდაჭერა მაინც მოიპოვოს გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე თბილისსა და ბრიუსელის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობას დემოკრატიული უკუქცევის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ამ კონტექსტში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ამჟამინდელ მთავრობასთან გეოპოლიტიკური პარტნიორობა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0