შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2026
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრატისლავაში 10 მაისს გაემგზავრა.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრატისლავაში 10 მაისს გაემგზავრა. სლოვაკეთში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.
"გავიხსენეთ ორმხრივი შეხვედრა, რომელიც 2025 წლის ივლისში, ჟენევაში შედგა და დადებითად შევაფასეთ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა სლოვაკეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. სლოვაკურ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობაშიც გამოიხატება.
"ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აღვნიშნეთ პარლამენტის ადმინისტრაციებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. გამოვხატეთ ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. დადებითად შეაფასეს 2026 წლის იანვრიდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება ქუთაისი-ბრატისლავას მიმართულებით.
რიხარდ რაშიმ აღნიშნა სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება.
მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. აღვნიშნე, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ასევე, დავადასტურე ევროკავშირთან ღია დიალოგის მზაობა. რიხარდ რაშიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და გამოხატა სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მზაობა", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ქუთაისში. საპატიო საკონსულო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებს დაფარავს.
ყველა ახალი ამბავი
0