პაპუაშვილი: საქართველოს სლოვაკეთთან ურთიერთობების გააღრმავება სურს

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2026
გამოწერა
ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტები უფრო გააქტიურდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისს სურს სლოვაკურ მხარესთან ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება, ასევე ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში თანამშრომლობის გაძლიერება, განაცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეწვიოთ სლოვაკეთს, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან მექნება შეხვედრა. საუბარი შეეხება ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის გაცვლით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში არის ინტენსიური ვიზიტები მაღალ დონეზე და ახსენა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტიც სლოვაკეთში ცოტა ხნის წინ.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ იმ „პროპაგანდის და აგრესიული რიტორიკის“ ფონზე, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ ეწევა, საქართველოს მეგობრებმა შეძლონ „საღი აზრის შეტანა“ სხვადასხვა განხილვაში.
„საბედნიეროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებას აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მიმართებაში და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის პარლამენტთან გვქონდეს კომუნიკაცია იმაზე, რომ მათ სხვა კოლეგებთანაც მიიტანონ ის სწორი, საღი აზრი, რომელიც ასე სჭირდება დღეს თავად ევროკავშირს და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს“, - განმარტა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ქუთაისში. საპატიო საკონსულო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებს დაფარავს.
ყველა ახალი ამბავი
0