სახელმწიფო ყველა ჯაშუშის მიმართ პრინციპული იქნება - პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
გამოწერა
საქართველოში ბოლო პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. სახელმწიფო პრინციპულ მიდგომას გამოიჩენს ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეს იყო პირველი დაკავება ასეთი ბრალდებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
„აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და, შესაბამისად, აქ განსაკუთრებით პრინციპული იქნება სახელმწიფო. მნიშვნელობა არ აქვს, ჯაშუში რომელ ქვეყანას ემსახურება. ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი სამშობლოს ინტერესებს.
„აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი სამშობლოს ინტერესებს, ის ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას, რომ დადგეს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
ჯაშუშობისთვის დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი გიორგი უძილაური - ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. ორივე საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება, ქვეყნები, რომლებზეც ბრალდებულები მუშაობდნენ, არ სახელდება.
სუსის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, ცალკეული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ახორციელებდნენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო/ოპერატიულ ღონისძიებებს.
2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 15 საქმეზე, ხოლო პასუხისგებაში მიცემულ იქნა 13 პირი.
სხვადასხვა საგამოძიებო და სათვალთვალო საქმიანობის შედეგად გამოვლინდნენ უცხოურ სადაზვერვო სამსახურების საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ოპერატიულ და უწყებრივ შეხვედრებს მართავდნენ და კონტაქტებს ამყარებდნენ მათთვის საინტერესო ობიექტებთან და ორგანიზაციებთან. ასევე გამოვლინდა იმ პირთა წრე, რომელთა მეშვეობითაც უცხოური სადაზვერვო სამსახურები და მათთან შესაძლო კავშირებში მყოფი პირები ცდილობდნენ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.
ყველა ახალი ამბავი
0