ბოჭორიშვილმა კიევის ინიციატივას საქართველოსთან დიალოგის შესახებ პოზიტიური ნაბიჯი უწოდა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დაიღალა „ცალმხრივი მხარდაჭერის“ რეჟიმით და უკრაინული მხარისგან დაგროვილი პრეტენზიების კონსტრუქციულ ანალიზს ელის.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. უკრაინული მხარე ძალიან დიდხანს ესაუბრებოდა საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით, ამიტომ პირისპირ შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ინიციატივა პოზიტიური ნაბიჯია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში.
უკრაინული მხარის ინიციატივით, 6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს განიხილეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ასევე გაიმართა ერევანში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გვერდით გადავდოთ. მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გარკვეული საკითხები იყოს სწორად გაგებული უკრაინული მხრიდან ისევე როგორც ქართული მხრიდან.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს პოზიცია და მიდგომები არ შეცვლილა.
„ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებით. ეს არის საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია. ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს ჩანდა ჩვენს განცხადებებში, თუმცა იყო პოზიცია, რომელიც უგულებელყოფდა ყველაფერს, რასაც ამბობდა თბილისი, ეს ალბათ არის საკითხი, რაც უნდა ვიკითხოთ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები, რაც გვესმოდა უკრაინული მხარის მხრიდან“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი ერევანში ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შემდგარ გასაუბრებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გასაუბრებას წინ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გასაუბრება უძღოდა.
„ჩვენ გაცხადებულიც გვქონდა, რომ გარკვეულწილად ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობაში ვრჩებოდით უკრაინასთან და ფაქტობრივად, ცალმხრივი მხარდაჭერის რეჟიმშიც. ჩვენ ეს არასდროს შეგვიწყვეტია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივად პატივისცემას და ასე გაგრძელდეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის. ჩვენ არასდროს გვისურვია არცერთ მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა და თუკი ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია.
2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ზელენსკიმ საქართველოში ელჩი 2026 წლის 26 იანვარს დანიშნა, აღნიშნული პოსტი მიხაილო ბროდოვიჩმა დაიკავა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.
ყველა ახალი ამბავი
0