როგორ მიდის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა?

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2026
გამოწერა
მინისტრ ქვრივიშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ქვრივიშვილმა დაათვალიერა პორტის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაოები, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული „იქს-ბლოკები", რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.
ამჟამად ადგილზე უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს ბეტონის ქარხანა, მოწყობილია ინერტული მასალების საწყობები და აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხელის დამცავი ე.წ. „იქს-ბლოკების“ ჩამოსხმა.
ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17,5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
„გასული პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან, მასთან ერთად პირველადი კონტრაქტის ღირებულების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და პროექტი 52 მილიონი დოლარით გაიაფდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ეს იქნება კომპლექსური ობიექტი, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საპორტო, ხოლო მეორე მხრივ - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა, რაც ნავსადგურის შეუფერხებელ მუშაობას შეუწყობს ხელს.
„ეს ყველაფერი გარანტიაა იმისა, რომ ანაკლია ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ქვრივიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0