პაპუაშვილი: PAM-ის სამიტზე რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს განვიხილავთ

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2026
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პაპუაშვილის სამიტზე სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტო დელეგაცია მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს დაეთმობა, განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
6 მაისს პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.
„ჩემს გამოსვლაში შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ვისაუბრებ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, საშუალება გვექნება, ჩვენი გამოცდილება ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას გავუზიაროთ და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განვიხილოთ“, — აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე სამიტში მონაწილეობას მიიღებს როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტი.
პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანების ხელმძღვანელებს, ასევე განიხილოს ევროკავშირი-ნატოს საკითხები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.
„ჩვენ ვისაუბრებთ კანდიდატ ქვეყნებზე, მათ გამოცდილებაზე პროგრამაში მოსაწილეობასა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვედრებს გამართავს მალტის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და ასამბლეის სხვა წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
„საერთო ჯამში, ვთვლი, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური ასოციაციები, რადგანაც რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით, უფრო ადვილია კოლეგებს აუხსნა, თუ რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0