სონღულაშვილი: საქართველოში ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი არ არის

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2026
გამოწერა
მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის მისაღებად აუცილებელია ვენახის სწორად გაშენება, ნერგების სწორი შერჩევა და ნიადაგის მომზადება.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში ღვინისა და ყურძნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური რეფორმები მიმდინარეობს და მთავრობა ამ პროდუქციის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით უკომპრომისო იქნება, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონგულაშვილმა.
ხარისხიანი ღვინის წარმოება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2020 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებდა რთველის სუბსიდირებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერების მხარდაჭერას, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებასა და მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
„ღვინის ფალსიფიკაციის საკითხში ვიქნებით ძალიან მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი. ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს მთელი უწყება – სურსათის ეროვნული სააგენტოდან დაწყებული, ღვინის ეროვნული სააგენტოთი დამთავრებული. არ გადის თვე, რომ არ ჩატარდეს საკონტროლო შესყიდვები როგორც რესტორნებში, ისე ქსელურ მარკეტებში და არაერთი შემთხვევა გვქონია ფალსიფიცირებული პროდუქციის ამოღების, მოხსნისა და კონფისკაციის“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მისი თქმით, ღვინისა და ყურძნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეფორმები მოიცავს როგორც რთველის პროცესს, ისე ვენახების გაშენების სტანდარტებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, გასულ წელს უწყებამ საპილოტე რეჟიმში განსაზღვრა ყურძნის შაქრიანობის დონე, რის საფუძველზეც ხარისხობრივი გრადაცია განხორციელდა. მიმდინარე წელს სისტემა კიდევ უფრო გამკაცრდა: მკაფიოდ განისაზღვრა მაღალი, საშუალო და დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის კატეგორიები.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ 17 გრადუსზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი 30 თეთრად გაიყიდება, რადგან ის ხარისხიანი ღვინის საწარმოებლად უვარგისია. იქ, სადაც პროცესზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, ხარისხი მკაცრად გაკონტროლდება, მევენახეები კი კომპენსაციას გაწეული შრომისა და პროდუქციის ხარისხის შესაბამისად მიიღებენ", - განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის წარმოება იწყება ვენახიდან, ამიტომაც დაგეგმილი რეფორმები მოიცავს ვენახების სწორ დამუშავებას, ნიადაგის შერჩევასა და სერტიფიცირებული ნერგების გამოყენებას
„ხარისხიანი ღვინის მისაღებად აუცილებელია ვენახის სწორად გაშენება, ნერგების სწორი შერჩევა და ნიადაგის მომზადება. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და რაოდენობაში კონკურენციას ვერ გავუწევთ, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ხარისხი. „ქართული“ ყველა პროდუქციისთვის უნდა იყოს ხარისხის ნიშანი“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსავლის სიჭარბის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვით არ დაინტერესდება, მას სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ დადგენილ ფასებში შეისყიდის. სახელმწიფო შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრავს.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის თანახმად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 20%-ს აღემატება, ფასი 1,30 ლარს შეადგენს, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში – 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში – 0,30 ლარს. რაც შეეხება „საფერავს", 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1,50 ლარს შეადგენს, 17%-დან 22%-მდე შაქრიანობისას – 0,90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში – 0,30 ლარი.
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე იწყება - რთველი კახეთის რეგიონში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში სრულდება.
ღვინის ქარხნებმა საქართველოს მეღვინეობის რეგიონებში, 2025 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით, 330 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს – ეს მოცულობა ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდულია.
2025 წელს, რთველის დროს, საქართველოში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 330 ათას ტონა. ღვინის ქარხნებს მოსავალი მთელი ქვეყნის მასშტაბით 21,2 ათასმა ფერმერმა ჩააბარა.
ყველა ახალი ამბავი
0