როგორ აფასებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას

© AFP 2024 / TED ALJIBEაზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2026
გამოწერა
ADB-ის წარმომადგენელმა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და რეგულატორული პოლიტიკა შეაფასა როგორც მდგრადი და თანმიმდევრული.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვება ქვეყნის ეკონომიკას გარე შოკებისგან იცავს, განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბერმან ლამმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მარტში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 46,5%-ით გაიზარდა და 6,3 მლრდ დოლარს მიაღწია. თუმცა, წინა თვესთან შედარებით, მარტში რეზერვები 5,2%-ით (-343.4 მლნ დოლარი) შემცირდა.
„სავალუტო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ეკონომიკის ბუფერები საგარეო შოკების მიმართ. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მთლიანმა მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს — დაახლოებით 6,65 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც აღემატება ადეკვატურობის საყოველთაოდ აღიარებულ კრიტერიუმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციისა და საგარეო შოკებისადმი მისი მგრძნობელობის გათვალისწინებით,“ – განაცხადა ლამმა Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
ADB-ის წარმომადგენელმა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და რეგულატორული პოლიტიკა შეაფასა როგორც მდგრადი და თანმიმდევრული.
მისი თქმით, ნეგატიური რისკები კვლავ მაღალი რჩება, რაც განსაკუთრებით გამოწვეულია გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ საქართველოს მოწყვლადობით, შენარჩუნებული საგარეო საფასო წნეხითა და დოლარიზაციის მაღალი დონით.
„გაზრდილი ინფლაციური რისკების, მათ შორის ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდით გამოწვეული წნეხის საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შედარებით დაბალ — 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მკაფიოდ დააფიქსირა მზადყოფნა პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების შესახებ, თუ ინფლაციური ზეწოლა გაძლიერდება ან ინფლაციური მოლოდინების სანდოობა შემცირდება,“ — განაცხადა მან.
„რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, ADB-ის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ეფექტურმა დედოლარიზაციამ და მაკროპრუდენციულმა ზომებმა ხელი შეუწყო სავალუტო საკრედიტო რისკებისა და ჭარბვალიანობის შემცირებას.
ამასთან, მისი თქმით, სისტემა გაძლიერდა დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის დანერგვითა და კრიზისების მართვის ფონდის შექმნით, რაც ზრდის საბანკო სექტორის სტაბილურობასა და კრიზისების მართვის შესაძლებლობებს.
„კაპიტალის მაღალი ადეკვატურობა, მაღალი რენტაბელობა და პრობლემური სესხების დაბალი დონე ფინანსური სექტორის მყარ ფუნდამენტურ საფუძვლებზე მიუთითებს,“ — განაცხადა საქართველოში ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორმა.
რაც შეეხება ADB-ის მიერ საქართველოს ფისკალური სტრუქტურისა და სახელმწიფო ვალის მდგრადობის შეფასებას, ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო გაურკვევლობის მაღალი დონის გათვალისწინებით.
„საქართველოს უწყვეტი წვდომა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების ფონზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფინანსური მდგრადობის მიმართ“, – განაცხადა ბერმან ლამმა.
ADB და საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტების და ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.
ADB-ის პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირების გაფართოება და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 68 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 - აზიის რეგიონის ქვეყნებია.
ყველა ახალი ამბავი
0