საპატრიარქომ პატრიარქის არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2026
გამოწერა
გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისისა გაიმართება
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო დღევანდელ სხდომაზე არ გეგმავს გაფართოებული საეკლესიო კრების თარიღის განსაზღვრას, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიგმა მედიასაშუალებამ ვარაუდებსა და არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ორშაბათს საპატრიარქოში დაგეგმილია სპეციალური შეხვედრა წმინდა სინოდის სხდომის თარიღის გამოსაცხადებლად.
„ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წმინდა სინოდმა 28 აპრილს გამართულ სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისისა გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ყველა ახალი ამბავი
0